ოთხშაბათი, 2024-05-15 ამჟამად არის: 11:27 AM
კატეგორიები
რეკლამის ადგილი
ჩათ ბოქსი
200
მეგობარი საიტები
რეკლამის ადგილი
ორი სევდიანი ლექსი
ორი სევდიანი ლექსი
 
ინფორმაცია ლექსზე:
ნიკოლოზ ბარათაშვილი და გალაკტიონ ტაბიძე.
ჩემი საყვარელი ლექსებია. იმედია თქვენც მოგეწონებათ.
 

ნიკოლოზ ბარათაშვილი

მერანი


მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა
საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!


1842 წ.
 
გალაკტიონ ტაბიძე
 
მთაწმინდის მთვარე
 

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...

ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!



მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,

და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,

მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...

ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!



აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,

აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,

ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,

ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...



და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,

ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,

თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,

და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები


თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს

მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,

თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,

სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა


რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,

რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,

რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,

რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,



რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!






სულ კომენტარები: 0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]